ლეგენდარული შვედი მეკარე გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ითამაშებს
ლეგენდარული შვედი მეკარე გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ითამაშებს

„ვაშინგტონ კეპიტალზის“ მეკარემ ჰენრიკ ლუნდკვისტმა ჟურნალისტებს გაანდო გულთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, რის გამოც ის ჰოკეის ეროვნული ლიგის 2020-21 წლების სეზონს გამოტოვებს. ლეგენდარულმა შვედმა მხოლოდ ოქტომბერში გააფორმა ერთწლიანი კონტრაქტი „ვაშინგტონთან“, მაგრამ, სავარაუდოდ, ვეღარ ითამაშებს ახალი კლუბის შემადგენლობაში.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ამბავი უნდა შეგატყობინოთ: ვერ შევუერთდები „კეპიტალზს“ მომავალ სეზონში. რამდენიმე კვირიანი კვლევისა და სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ გულის მდგომარეობის გამო არ შემიძლია ყინულზე გასვლა. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ძალიან სარისკოა სიტუაციის გამოსწორებამდე თამაში. ასე რომ, უახლოეს თვეებს საუკეთესო გადაწყვეტილების ძიებაში გავატარებ“, – დაწერა „ტვიტერში“ ლუნდკვისტმა.

2005-20 წლებში ლუნდკვისტი „რეინჯერსში“ თამაშობდა, რომლის რიგებშიც 459 მატჩი მოიგო და 64 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.

„ვაშინგტონთან“ კონტრაქტის მიხედვით, შვედს ერთ წელიწადში 1.5 მილიონი დოლარი უნდა გამოემუშავებინა.