ნჰლ-ის მოთამაშეები მზად არიან პლეი ოფი აგვისტოსა და სექტემბერში ითამაშონ
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) სამშაბათს შეაჩერა 2019-20 წლების რეგულარული ჩემპიონატი და ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა ფორმატით განახლდება სეზონი.
TSN-ის რამდენიმე ინსაიდერის ინფორმაციით, ლიგა კალენდრის რამდენიმე ვარიანტს ამზადებს. ერთ-ერთის მიხედვით, ჰოკეისტებმა მოკლე საწვრთნელი ბანაკი უნდა ჩაატარონ ივლისის დასაწყისში. ამავე თვეში დაასრულებენ რეგულარულ ჩემპიონატს.
პლეი ოფის მატჩები გაიმართება აგვისტოსა და სექტემბერში. ამის შემდეგ, ოქტომბერში გაიხსნება თავისუფალი აგენტების ბაზარი და ჩატარდება ახალბედების დრაფტის ცერემონია.
ასეთ შემთხვევაში, 2020-21 წლების სეზონი ნოემბერში დაიწყება. ასეთი წინადადება განიხილება NHL-ის ვარსკვლავებთან.