„ნემანის“ მწვრთნელმა ქანთარიაზე ილაპარაკა - ის ჯანმრთელადაა და ვარჯიშობს
„ნემანის“ მწვრთნელმა ქანთარიაზე ილაპარაკა - ის ჯანმრთელადაა და ვარჯიშობს

გროდნოს „ნემანმა“ ბელარუსის უმაღლესი ლიგის მე-10 ტურში ჟოდინოს „ტორპედო-ბელაზს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში კვლავ არ იყო გიორგი ქანთარია, რაც მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.

იყო ეჭვი, რომ „ნემამის“ ქართველ თავდამსხმელს კორნავივირუსი ჰქონდა. საბედნიეროდ, ორმა ტესტმა უარყოფითი შედეგი დააფიქსირა. 23 წლის ქანთარიას მდგომარეობაზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოვალევიჩმა გააკეთა.

„ქანთარიასთან დაკავშირებით ბევრი ჭორი იყო. ის უკვე საერთო ჯგუფში ვარჯიშობს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გიორგი დღევანდელი თამაშის განაცხადში არ შეგვეყვანა, მაგრამ შემდეგი მატჩისთვის მოემზადება,“ – განაცხადა კოვალევიჩმა ტელეკომპანია „ბელორუსის 5“-ის ეთერში.

საინტერესოა, რომ „ნემანი“ – „ტორპედოს“ მატჩი არ უნდა შემდგარიყო. თამაშამდე, ჟოდინოს „ტორპედო-ბელაზის“ ორ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის მიუხედავად, შეხვედრა დიდი რისკის ფასად მაინც გაიმართა.