ფიჯისა და ფრანგული „მონპელიეს“ უკანახაზელმა ნემანი ნადოლომ სანაკრებო კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა. ფიჯელმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე აღარ ითამაშებს. ფიჯის ნაკრებში მას 30 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ამ მატჩებში ნადოლომ 19 ლელოს დადება მოახერხა.
გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად, ნადოლომ სოციალური მედია გამოიყენა და შეეცადა აეხსნა, თუ რატომ ასრულებდა სანაკრებო კარიერას: „ვფიქრობ, სჯობს ჩემგან გაიგოთ, რომ სანაკრებო კარიერა დავასრულე. უპირველესად, უფალს ვწირავ მადლობას და ვფიქრობ, რომ მის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევდი. 2010 წლის შემდეგ, როდესაც ნაკრებში დებიუტი მქონდა, არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე ამდენი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი. მადლობა ყველა მწვრთნელს, ფიზიოთერაპევტს და ხალხს, ვისთანაც შეხება მქონდა. თქვენთან მუშაობა და ურთიერთობა დიდი პატივი იყო ჩემთვის. ფრთის პოზიციაზე ბევრი ახალგაზრდა და იმედისმომცემი მორაგბე გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ დაკისრებულ ამოცანას ისინი ჩემზე უკეთ გაართმევენ თავს. ბოლო 18 წელია არაერთი გამოწვევა შემხვდა – როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, და ჩემს მეუღლესთან განხილვის შემდეგ გადავწყვიტე, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. დასამტკიცებელი კიდევ ბევრი მაქვს და ამას უკვე „მონპელიესთან“ ერთად გავაკეთებ“, – წერია ნადოლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯი და საქართველო ერთ ჯგუფში არიან.