ივანე მაჭავარიანი - ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია
ივანე მაჭავარიანი - ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ფიჯიზე, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა „ფაინენშელ თაიმსის“ (The Financial Times) ჯგუფში შემავალი გამოცემას – fDi Magazine ინტერვიუ მისცა. მაჭავარიანთან საუბარში გამოცემის ჟურნალისტმა ტურიზმის განვითარების მხრივ საქართველოსა და ფიჯის შორის მსგავსებას გაუსვა ხაზი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია.

„მართლაც, საქართველოში, ფიჯის მსგავსად, ტურიზმი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია. ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველომ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო ტურიზმის ინდუსტრიიდან. ერთ მაგალითს გეტყვით, შარშან ჩვენ ვუმასპინძლეთ ორჯერ მეტ ტურისტს, ვიდრე ქვეყნის მთლიანი მოსახლეობაა. ტურიზმი იზრდება, ყოველწლიურად ზრდა ორნიშნაა. მჯერა, ასე გაგრძელდება, მაგრამ არსებობს გამოწვევები“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, უნდა იყოს ჯანსაღი ბალანსი ტურიზმსა და გარემოსდაცვით მდგრადობას შორის. მეორე საკითხია ტურიზმის დივერსიფიკაცი , რათა მასობრივ ტურიზმთან ერთად განვითარდეს დარგობრივი ტურიზმი.

„ასევე, გასათვალისწინებელია რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება. იცით, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა, ძლიერი ინსტიტუციებით. თუმცა, საკმაოდ ტურბულენტულ რეგიონში ვართ. მინიმალურმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა, ტურიზმის ინდუსტრია მთლიანად ჩამოშალოს. ჩვენ ამას ვითვალისწინებთ“, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, საქართველომ და ფიჯიმ ცოტა ხნის წინ უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთახმება გააფორმეს.

დატოვე კომენტარი