„რვა ერი“ - იაპონია საქართველოს ნაცვლად
„რვა ერი“ - იაპონია საქართველოს ნაცვლად

2020 წლის 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე გაიმართება „რვა ერის“ გათამაშება, რომელშიც „ექვსი ერის“ ქვეყნებს ფიჯი და იაპონია დაემატებიან. აღნიშნულ ინფორმაციას „აზიერაგბი“ (asierugby.com) ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ტურნირის უმთავრესი მიზეზი ტესტ მატჩების გაუქმების შედეგად მიღებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებაა.

„უახლესი ამბების საპირისპიროდ, „რვა ერის“ ტურნირზე არა საქართველო, არამედ იაპონია ითამაშებს. გათამაშებაში მონაწილეობას ტრადიციულ „ექვსი ერის“ ქვეყნებთან ერთად ფიჯი და იაპონია მიიღებენ. გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან – „ა“ ჯგუფი, რომელშიც ინგლისი, ირლანდია, ფიჯი და უელსი ასპარეზობენ და „ბ“ ჯგუფი, სადაც შოტლანდია, იაპონია, საფრანგეთი და იტალია ითამაშებენ,“ – ვკითხულობთ სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ ფრანგული „ლე ფიგარო“ წერდა, რომ წლის მიწურულს გასამართ ტურნირზე „ექვსი ერის“ ქვეყნებთან ერთად საქართველო და ფიჯი ითამაშებენ, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონელებს მგზავრობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.