„ლე ფიგარო“ - შემოდგომაზე გასამართ ტურნირზე იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს
„ლე ფიგარო“ - შემოდგომაზე გასამართ ტურნირზე იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს

იმის შესახებ, რომ 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ რვა გუნდიან ტურნირზე, რომელშიც „ექვსი ერის“ ქვეყნები და ფიჯი თამაშობენ, საქართველო იაპონიას ჩაანაცვლებს, ფრანგულ პრესაშიც დაიწერა. „ლე ფიგარო“-ს (Le Figaro) ინფორმაციით, „მსოფლიო რაგბი“ 2020 წლის კალენდრის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს, რამდენიმე საათში მიიღებს და აქამდე უპრეცენდენტო ფორმატის ტურნირს გამართავს.

ტურნირზე რვა გუნდი იასპარეზებს და „ექვსი ერის“ გუნდებს ორი მოწვეული ნაკრები დაემატება. თავდაპირველად, ფიჯისა და იაპონიის დაპატიჟების ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების და შორ მანძილზე მგზავრობის გართულების გამო, „საკურებს“ „ბორჯღალოსნები“ ჩაანაცვლებენ.

„აირიშ თაიმს“-ის მსგავსად, „ლე ფიგარო“-ც წერს, რომ ქართველებს დიდ უპირატესობას მათი მორაგბეების დიდი ნაწილის საფრანგეთის ლიგებში თამაში აძლევს, რადგან „ბორჯღალოსნებს“ გუნდის შეკრება არ გაუჭირდებათ და არც განსაკუთრებით დიდ მანძილზე მოუწევთ მგზავრობა.