„აირიშ თაიმსი“ - საქართველო და ფიჯი რვა გუნდიან ტურნირზე „ექვსი ერის“ წარმომადგენლებთან ერთად ითამაშებენ
„აირიშ თაიმსი“ - საქართველო და ფიჯი რვა გუნდიან ტურნირზე „ექვსი ერის“ წარმომადგენლებთან ერთად ითამაშებენ

„მსოფლიო რაგბი“ მიმდინარე კვირაში სატესტო კალენდარს დაადგენს, მათ შორის 2020 წლის „ექვსი ერის“ მატჩების განრიგს. ირლანდიული გამოცემა „აირიშ თაიმს“-ის (The Irish Times) ინფორმაციით, ევროპის საუკეთესო ექვს სარაგბო ქვეყანას ფიჯი და საქართველო დაემატებიან. გუნდები ორ ჯგუფში გადანაწილდებიან და პირველადგილოსნები ფინალურ მატჩს ხუთ დეკემბერს ითამაშებენ.

გამოცემის ცნობით, რაგბის მმართველი ორგანო თავიდან ტურნირში ფიჯისა და იაპონიის დამატებას აპირებდა, მაგრამ რადგან მათ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მოგზაურობის და სხვა მნიშვნელოვანი წესების დაცვა გაუჭირდებათ, „საკურების“ საქართველოთი ჩანაცვლება გადაწყდა.

ბრიტანულ მედიაში ბევრი იწერება იმ ორი ქვეყნის შესახებ, რომლებიც ტურნირზე ითამაშებენ. საქართველოს და ფიჯის პოზიციებს კი ისიც ამყარებს, რომ მორაგბეების უმეტესობა საფრანგეთსა და ბრიტანეთში თამაშობს და ქვეყნებს სანაკრებო მატჩებისთვის გუნდის შეკრება არ გაუჭირდებათ.

მნიშვნელოვანია, რომ ტურნირი ერთჯერადი იქნება და მისთვის რეგულარული სახის მიცემა ამ ეტაპზე არ იგეგმება.