სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და უშიშროების მინისტრს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და უშიშროების მინისტრს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და  უშიშროების მინისტრთან, რატუ ინოქე კუბუაბოლასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და უშიშროების მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები, ალექსანდრე ტაბატაძე და გრიგოლ ლილუაშვილი. ასევე, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი.

ვიზიტის ფარგლებში ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების მინისტრი, რატუ ინოქე კუბუაბოლა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.