ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა არის მორალური პასუხისმგებლობა, რომელიც საბჭოს რამდენიმე წევრს არ გააჩნია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა არის მორალური პასუხისმგებლობა, რომელიც საბჭოს რამდენიმე წევრს არ გააჩნია, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოსთან გამართული აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას საბჭოს დაშლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების შესახებ, არ არსებობს მოლოდინი, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები დააკმაყოფილებენ აღნიშნულ მოთხოვნას.
„რაც შეეხება გადადგომის მოთხოვნას, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა. არ ვიცი საბჭოს წევრები ამას დააკმაყოფილებენ თუ არა, მაგრამ არ მგონია, რადგან საქმე გვაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან თავისუფლად, სინდისის ქენჯნის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ჩინჩალაძე დააყენონ კანდიდატურად უზენაეს სასამართლოში ასარჩევად. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მურუსიძე დაინიშნოს თანამდებობაზე უვადოდ, ამიტომ ასეთი ადამიანებისგან არ ველოდები ღირსეულ ნაბიჯს და იმას, რომ სინდისი შეაწუხებთ. ეს არის მორალური პასუხისმგებლობის საკითხი და მორალური პასუხისმგებლობა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საბჭოს დაშლასთან დაკავშირებით აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოთხოვნა არალეგიტიმურია, რასაც არა ერთი მსგავსი მაგალითი ადასტურებს.