დიმიტრი გვრიტიშვილი - სამოქალაქო სექტორი ლეგიტიმურად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს
დიმიტრი გვრიტიშვილი - სამოქალაქო სექტორი ლეგიტიმურად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს

ე.წ. სამოქალაქო სექტორი დღეს ითხოვს სრულიად ლეგიტიმურად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას,- ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, იუსტიციის საბჭოსთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნას საბჭოს დაშლასთან დაკავშირებით. მისი მოსაზრებით, მოთხოვნა არალეგიტიმურია, რასაც არა ერთი მსგავსი მაგალითი ადასტურებს.

„ეს არ არის ლეგიტიმური მოთხოვნა. 2012-2013 წლებშიც იყო გარკვეული მოსაზრებები, რომ საბჭოს რეფორმა ამ ფორმით განხორციელებულიყო და საბჭოს იმ დროს არსებულ შემადგენლობას შეწყვეტოდა უფლებამოსილება და დაშლილიყო. ამასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ ცალსახად უარყოფითი რეკომენდაცია გასცა. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, მე განსხვავებას  მაშინდელ ვითარებასა და დღევანდელს შორის ვერ ვხედავ. უბრალოდ, დღეს აქტორები შეცვლილია. დღეს ე.წ. სამოქალაქო სექტორი ითხოვს სრულიად ლეგიტიმურად არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას, რისთვისაც პირველ რიგში, არავითარი კანონიერი საფუძველი არ არსებობს და მეორე – ეს არის ისევ და ისევ უკანონო ხერხით სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა”,- აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

შეგახსენებთ,  იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც შეუერთდნენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები.