იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, ისინი ითხოვენ, თანამდებობებიდან გადადგეს იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი, ასევე ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, საზოგადოების ჩართულობით შექმნას ისეთი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლედ საუკეთესო კანდიდატის შერჩევას.

ამასთან, მათი მოთხოვნაა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-წარდგენა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება მოხდება.

აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილიც.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დაინგრეს ბუდე, რომელიც შეიქმნა – მურუსიძისა და ჩინჩალაძის ბუდე. სასამართლოში შევიდნენ სუფთა სინდისითა და კანონით და არა ვინმე ბიძიას მორჩილი ადამიანები. მგონია, რომ ეს ამ მოძრაობის მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

აქციის ორგანიზატორებმა დღესვე გაავრცელეს აღნიშნული მოთხოვნები და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.