ნაზი ჯანეზაშვილი - დღევანდელი სხდომა იყო შეტევა ნინო გვენეტაძის მიმართ
ნაზი ჯანეზაშვილი - დღევანდელი სხდომა იყო შეტევა ნინო გვენეტაძის მიმართ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრებს, სასამართლო სისტემაში გავლენის მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც განსხვავებულ აზრს ებრძვის და თითქმის ყოველთვის ერთმანეთის მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დღევანდელი სხდომა იყო შეტევა საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართ.
„დღევანდელი სხდომა არ არის გამონაკლისი, ეს არის იმ პრობლემების გაგრძელება, რაც ხდება იუსტიციის საბჭოში. ანუ ჩვენ გვყავს უმრავლესობა, რომელიც შედგება ცხრა ადამიანისგან და უმეტეს შემთხვევაში ისინი არიან ერთ პოზიციაზე და როდესაც რომელიმე წევრს აქვს განსხვავებული პოზიცია, ხშირად ხდება ხოლმე ეს აგრესიის საგანი.

ზოგადად, ფონი იუსტიციის საბჭოში არ არის შესაფერისი, ისეთი როგორიც უნდა იყოს სასამართლო სისტემაში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა, ჩვენი მოსაზრებების პატივისცემა პირველ რიგში, ვინაიდან ეს არის კოლეგიური ორგანო, კანონით ყველას გვაქვს უფლება გამოვთქვათ მოსაზრებები, გვქონდეს არგუმენტები.

დღევანდელ სხდომას მე დავარქმევდი გარკვეულ შეტევას, აგრესიასაც, ნინო გვენეტაძის მიმართ.

აქ არ არის არსებითი, ჩვენ მოგვწონს თუ არა ის როგორი თავმჯდომარეა, აქ არის არსებითი როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან. თუ ჩვენ არ მოგვწონს მისი გადაწყვეტილება, ვისაუბროთ ამ არგუმენტებზე. ის ფორმა, რა ფორმითაც სხდომა მიმდინარეობს, ზიანს აყენებს მთლიანად სასამართლო სისტემას.

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ნინო გვენეტაძე არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ამ ფორმით გამოხატული აგრესია მისდამი, არ არის მართებული. თუკი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის არის ძალადობის მსხვერპლი, უნდა გავიზიაროთ ეს და როგოც ჩანს, დიახ, ის არის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური შეტევაც კი იყო მისი მისამართით“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეული გამოცდილების მქონე მოსამართლეებს აქვთ საკმარისი გარანტიები იმისა, რომ იყვნენ დამოუკიდებლები.

„არ უნდა გახდეს სასამართლო სისტემა იზოლირებული. ის არის საჯარო დაწესებულება, ხელისუფლების ერთ-ერთი შტო. კანონმდებლობით მოსამართლეებს აქვთ უზარმაზარი გარანტიები, გამოცდილების მქონე მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ და ჩვენ სისტემაში გვყავს 60 უვადო მოსამართლე, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც დღეს კამათობდნენ სხვადასხვა საკითხებზე, არიან უვადოდ დანიშნული მოსამართლეები. ძნელად წარმომიდგენია, კიდევ რაიმე დამატებითი გარანტიები, რომ ისინი იყვნენ დამოუკიდებლები“.- აღნიშნა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თქმით, დღეს ის ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ამის შესახებ ნინო გვენეტაძემ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, ინსპექტორის საკითხზე მსჯელობისას განაცხადა.მან საბჭოს მდივანი მის მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

დაპირისპირება ჯერ უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ნინო გვენეტაძის ხელმოწერას მოჰყვა, შემდეგ კი დაპირისპირება სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, ინსპექტორის შესარჩევად სხდომის ჩანიშვნის თარიღს მოჰყვა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საბჭოს წევრები დაელოდებიან ხვალ დილის 09:00 საათამდე ნინო გვენეტაძის პასუხს და მას შემდეგ ჩაინიშნება სხდომის თარიღი.