ნინო გვენეტაძე - ღიად ვამბობ, დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ
ნინო გვენეტაძე - ღიად ვამბობ, დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ

ღიად ვამბობ, დღეს ძალადობის მსხვერპლი ვარ,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, ინსპექტორის საკითხზე მსჯელობისას განაცხადა.

მან საბჭოს მდივანი მის მიმართ ძალადობაში დაადანაშაულა. გვენეტაძის თქმით, სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის შესარჩევად სხდომას დღეს ვერ ჩანიშნავს, რადგან საკუთარ გრაფიკს უნდა გადახედოს.

„ბატონი მდივანი დღეს მაიძულებს, რომ მივცე თანხმობა იმ სამუშაო გრაფიკზე, რაც ჩემს სამუშაო გრაფიკთან ჯერ შეჯერებული არ მაქვს და მთხოვს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ არ შევაფერხო ეს პროცესები.

ჩამოყალიბებულ პოზიციას მოგაწვდით ხვალ, დილის 09:00 საათისთვის. უნდა გადავხედო ჩემი დატვირთვის გრაფიკებს, საქმეების განხილვის პროცედურას, შეხვედრებს, გადავალაგო ისინი მთელი კვირის განმავლობაში უკვე განსხვავებული მოტივაციით. ამისთვის მჭირდება დრო“,- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

დაპირისპირება ჯერ უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ნინო გვენეტაძის ხელმოწერას მოჰყვა, შემდეგ კი დაპირისპირება სამოსამართლეო საქმიანობის მაკონტროლებელი პირის, ინსპექტორის შესარჩევად სხდომის ჩანიშვნის თარიღს მოჰყვა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საბჭოს წევრები დაელოდებიან ხვალ დილის 09:00 საათამდე ნინო გვენეტაძის პასუხს და მას შემდეგ ჩაინიშნება სხდომის თარიღი.