ნატო-მ სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მხარი თურქეთს დაუჭირა
ნატო-მ სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მხარი თურქეთს დაუჭირა

ნატო-მ სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მხარი თურქეთს დაუჭირა. როგორც ბრიუსელში გამართული ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ალიანსი „ყურადღებით დააკვირდება ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე არსებულ სიტუაციას“.

ამავე დროს, იენს სტოლტენბერგმა დაგმო დამასკოსა და მოსკოვის მიერ სირიის პროვინცია იდლიბზე მიტანილი იერიში. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთმა და სირიამ უნდა შეუწყონ ხელი სიტუაციის დეესკალაციას, დაუბრუნდნენ ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმს და დაიცვან საერთაშორისო კანონმდებლობა.

პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა თურქეთს, იდლიბში თურქი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო. მისივე თქმით, ალიანსი კვალავაც გააგრძელებს ანკარის მხარდაჭერას, მათ შორის, ანტისაჰაერო თავდაცვაში.

„ნატო უკვე მნიშვნელოვან დახმარებას უწევს თურქეთს და იყენებს ზომების ფართო სპექტრს. ალიანსი გააგრძელებს ანკარის მხარდაჭერას, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში, რაც ხელს შეუწყობს თურქეთის საჰაერო სივრცის დაცვას სირიის ტერიტორიიდან მიტანილი სარაკეტო დარტყმებისგან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის გამოსვლაში სტოლტენბერგმა თურქეთს „ნატო-ს ღირებული მოკავშირე უწოდა“.

ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები დღეს თურქეთის მოთხოვნით შეიკრიბნენ. ანკარამ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა სირიის პროვინცია იდლიბში შექმნილი მდგომარეობის გამო მოითხოვა, სადაც სირიის არმიამ, რომელიც რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით მოქმედებს, იერიში მიიტანა თურქი სამხედროებისა და მათი მხარდაჭერით მოქმედი სირიელი ოპოზიციონერების შეიარაღებული შენაერთების პოზიციებზე. შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.