ნათია თურნავა - არავინ მეგულება, ვისაც შეიძლება, მოეწონოს ეს მავნებლური, ზღვარგადასული პროვოკაცია
ნათია თურნავა - არავინ მეგულება, ვისაც შეიძლება, მოეწონოს ეს მავნებლური, ზღვარგადასული პროვოკაცია

არ მეგულება არავინ, ვისაც შეიძლება, ეს უხამსი, ყოველგვარ ზღვარგადასული პროვოკაცია მოეწონოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული არანაირად არ ჯდება ჟურნალისტურ ეთიკის სტანდარტებში.

„არ მეგულება არავინ, ვისაც შეიძლება, მოეწონოს ეს საქციელი, ეს უხამსი, მავნებლური, ყოველგვარ ზღვარგადასული პროვოკაცია. აღნიშნული არანაირად არ ჯდება არანაირ ჟურნალისტურ ეთიკაში და არც ქართველი მამაკაცის ლექსიკაში“, –  განაცხადა ნათია თურნავამ.

„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.

გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.