ნათია მეზვრიშვილი - ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმის გახსნილად გამოცხადებით, შსს-ს შეცდომა არ დაუშვია
ნათია მეზვრიშვილი - ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმის გახსნილად გამოცხადებით, შსს-ს შეცდომა არ დაუშვია

ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმის გახსნილად გამოცხადებით, შსს-ს შეცდომა არ დაუშვია,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია. პირველი, ვისი დაკავებაც მოხდა და გაჩნდა ბრალდებული საქმეში, მოხდა იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც მოვაგროვეთ და შევკრიბეთ. ოთხი კაცია მკვდარი. ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი მაღალია და საზოგადოებას ინფორმაცია დაუყონებლივ მივაწოდეთ.

ასევე შემდგომ სხვა ინფორმაციაც გავავრცელეთ, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა სხვა იარაღთან დაკავშირებით, ხომ არ იყო კიდევ გამოყენებული სხვა ტიპის იარაღი, რადგან ექსპერტიზის დასკვნები მივიღეთ. მიმდინარე პროცესია, დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა და საზოგადოებას ინფორმაცია ამაზეც მივაწოდეთ. დამატებით, თუ კიდევ ვინმეს დაკავება მოხდება და ახალი გარემოება გამოიკვეთება, დამერწმუნეთ, ინფორმაციას ამაზეც მოგაწვდით. პირები, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულები არიან, დაკავებული არიან შესაბამისი მტკიცებულების საფუძველზე“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

სოფელ ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძემ ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი დაჭრა. 85 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოგვიანებით, შსს-მ ამავე საქმეზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. 

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია ამოღებული.