ნათან ჩენი მსოფლიო ჩემპიონია - მორის ყვითელაშვილი მეცამეტეა [ვიდეო]
17:02, 23.03.2019
იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების ოთხივე კომპლექტი გათამაშდა.
საპრიზო ადგილები ბოლოს კაცებმა მოციგურავეებმა გადაინაწილეს. ისევე, როგორც მოკლე პროგრამაში, თავისუფალშიც საუკეთესო მაჩვენებელი ამერიკელ ნათან ჩენს ჰქონდა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მან ზედიზედ მეორედ 323.42 ქულითა და ახალი რეკორდით მოიპოვა.
მოკლე პროგრამაში დაკავებული მესამე და თავისუფალში დაკავებული მეორე ადგილით ვერცხლის მედლის მფლობელი იაპონელი იუჟურუჰანიუ გახდა. ჯამში მან 300.97 ქულა დააგროვა. 24 წლის ჰანიუ ორგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონია.
ბრინჯაოს მედალი 18 წლის ამერიკელმა ვინსენტ ჟოუმ 281.16 ქულით მოიპოვა. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ოქროსა და 4 კონტინენტის ჩემპიონატის ბრინჯაოს მერე ეს ჟოუს მესამე მნიშვნელოვანი მედალია.
რაც შეეხება ქართველ მოციგურავეს მორის ყვითელაშვილს, თავისუფალ პროგრამაში მან 158.07 ქულა დააგროვა და ორი პროგრამის ჯამში მეცამეტე ადგილი დაიკავა. ყვითელაშვილმა საგრძნობლად გააუმჯობესა გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგი. შარშან ის 26-ე იყო.