ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძრის საქმეზე დაკავებული პირი გაათავისუფლეს
ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძრის გაჩენის საქმეზე დაკავებული პირი გაათავისუფლეს. საფრანგეთის პოლიცია 39 წლის რუანდელ ლტოლვილს ხანძარში ეჭვმიტანილად აღარ განიხილავს.
ადგილობრივ პროკურატურაში აცხადებენ, რომ რუანდელ ლტოლვილთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობები დაზუსტებულია და ის დამნაშავე არ არის.
„როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებული ეპარქიაში მოხალისედ მუშაობდა და საკათედრო ტაძარს კეთილი ნებით ეხმარებოდა.
საფრანგეთის ქალაქ ნანტში მე-15 საუკუნის საკათედრო ტაძარში ხანძარი 18 ივლისს გაჩნდა. საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ცეცხლის განზრახ გაჩენის მიმართულებით მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საკათედრო ტაძარში ხანძარი სამ ადგილას გაჩნდა.