ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომელმაც „ევექსის“ რეგიონულ კლინიკაში მოზარდი მოინახულა.

დავით სერგეენკოს თქმით, 10 წლის პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა სჭირდება.

„პროგნოზები რთულია. დასჭირდა გულ-ფილტვის რეანიმაცია. ახლა შეუძლებელია რამე პროგნოზის გაკეთება. მინდა, დავარწმუნო ყველა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად. დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ნანგრევებში მოყვნენ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, როგორც სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი აცხადებს, მისი ინფორმაციით, სამი მოზარდი წმინდა ბარბარეს უბანში მდებარე კერძო სათავსოში იმყოფებოდა.

„კონკრეტულად არაა ცნობილი, რატომ იყვნენ ავტოფარეხში. ეს იყო კერძო შენობა. ორი მოზარდი მძიმედ დაშავდა, მაგრამ არა კრიტიკულად. ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით ვეცდებით დახმარებას“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში სამი მოზარდი მოყვა.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.