დავით სერგეენკომ დაშავებული ორი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა 
დავით სერგეენკომ დაშავებული ორი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში მოინახულა 

სამგორის რაიონში დაშავებული ორი მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთ-ერთ მათგანს, სერგეენკოს ინფორმაციით, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

რაც შეეხება მესამე დაშავებულს, რომელიც „ევექსის“ კლინიკაშია მოთავსებული, დავით სერგეენკოს განცხადებით, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

სერგეენკოს თქმით, მას უახლოეს წუთებში მოინახულებს.

„ორი მათგანი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება. ერთის მდგომარეობა საშუალოა, საშუალოსა და მძიმეს შორის. პირველადი კვლევით, რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩეს.

მეორე პაციენტთან უფრო მეტი დაზიანებაა, ახლა გადის დამატებით კვლევას. მასთან ოპერაციით ჩარევა იქნება საჭირო, თუმცა საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქირურგიული ოპერაციის შედეგად ამ დაზიანების მართვა შეიძლება.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, მისი მდგომარეობა დანარჩენებთან შედარებით უფრო მძიმეა და მას უახლოეს წუთებში ვნახავ. პირველ პაციენტთან არის მრავლობითი ზედაპირული დაბეჟილობები, მეორე პაციენტთან არის ხერხემლის დაზიანება. მესამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა რადგან ურგენტულად დასჭირდა ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში სამი მოზარდი მოყვა.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.