ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედის ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი ოთხი წლის ბავშვის დედის, ლეილა ქსოვრელის ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ბრალდების მხარის განცხადებით, საუბარია არასრულწლოვნის პერსონალურ მონაცემებზე, რაც არ უნდა გასაჯაროვდეს. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმა ქსოვრელის უფლებამდამცველიც.

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ლეილა ქსოვრელი 22 იანვარს დააკავეს. ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 24 იანვარს შეეფარდა. ლეილა ქსოვრელი ​შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

ამასთან, ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 30 იანვარს ოთხი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.