„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ნიკა მელიასთვის თუ ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის ცუდი არ იქნება, რომ პარტიაში არჩევნებს დაუჭირონ მხარი
ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მხარდამჭერებს უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვემსახუროთ მათ ინტერესებს, იდეებს და რომ მათ მოლოდინებს ჩვენ გავამართლებთ, – ამის შესახებ ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უპირველესად ყოვლისა, საჭიროა დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული შიდაპარტიული არჩევნები, რათა ხალხმა ხელახლა გამოუცხადოს ნდობა, მიანიჭოს ლეგიტიმაცია იმ პირებს, ვისაც ენდობა სამომავლოდ ნებისმიერ პროცესში.
„ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში მყარი ოპოზიციური ამომრჩეველი ჰყავს, დაახლოებით ერთი მილიონი ამომრჩეველი, რომელიც ყოველთვის არის ჩვენი, ამ პარტიის ერთგული. ჩვენ ვიცით, ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი როგორ არის პუტინის ტყვეობაში და პუტინის პატიმრობაში, თუმცა ყველას გვახსოვს მიშას საქართველოში ჩამოსვლას და იმ პროცესებს რა ეტაპები ჰქონდა. მან გადაწყვიტა, პუტინის საპყრობილეში ჩამოსულიყო, რათა დახმარებოდა როგორც პარტიას, ასევე ქვეყანას და მის უკეთეს მომავალს.
ჩვენს მხარდამჭერებში ვერ გავამართლეთ ის მოლოდინი, რომ ჩვენ რაიონული ორგანიზაციის ლიდერები, ცენტრალური ლიდერები თუ ასე შემდეგ, მაქსიმალურად გავაკეთებდით ყველაფერს მიშას გადასარჩენად. დღეს ჩვენ, ყველა ვხედავთ, რომ მიშას არაერთი დაავადება აქვს, რომელიც შეიძლება, ხვალ და ზეგ ცუდი შედეგით დასრულდეს. ამიტომ ხალხი კი არ იტყვის, რომ ვინმე უკეთესად იცავდა ან ნაკლებად იცავდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მხარდამჭერები და მთელი საქართველო ვიქნებით თანამედროვენი იმ სამარცხვინო პროცესის, რომელიც თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ გველოდება წინ.
ამიტომ ჩვენს მხარდამჭერებში რომ დავაბრუნოთ ნდობა ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ჩვენი თავმჯდომარის, ე.წ. პოსტის, პოლიტიკური საბჭოს, პოლიტიკური სამდივნოს მიმართ, ამ კრიზისული მდგომარეობიდან, მხარდამჭერების ნიჰილიზმიდან, არასანდო მდგომარეობიდან გამოსასვლელად უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული შიდაპარტიული არჩევნები, რათა ხალხმა ხელახლა გამოუცხადოს ნდობა, მიანიჭოს ლეგიტიმაცია იმ პირებს, ვისაც ენდობა სამომავლოდ ნებისმიერ პროცესში.
ამიტომ ამ არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მხარდამჭერებს უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვემსახუროთ მათ ინტერესებს, იდეებს და რომ მათ მოლოდინებს ჩვენ გავამართლებთ. ჩვენ გვჭირდება მათი ხელახალი ნდობა, ხელახალი გვერდით დგომა. ნიკა მელია არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ძლიერი ძალა და დღეის მდგომარეობით, პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ახლა, პირველ რიგში, პრეტენზიები მოდის ნიკა მელიას წინაშე. ეს ლოგიკური, ბუნებრივიცაა, რომ ადამიანებს ცენტრალური ლიდერებისგან აქვთ მოლოდინები და ამ მოლოდინების გამართლება-არგამართლების შემთხვევაში, პრეტენზიებიც აქეთ მიემართება.
ვფიქრობთ, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და ბევრი ხელიდან გაშვებული პროცესი, რომელიც უკეთესად შეიძლებოდა, გამოგვეყენებინა. სწორედ ამიტომ, იგივე ნიკა მელიასთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურისთვის, ვინც არის დღეს თანამდებობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“, საჭირო იქნება და არ იქნება ცუდი, არჩევნებს დაუჭირონ მხარი, მოიპოვონ ხელახალი ნდობა. შემდეგ ეს პრეტენზიები აუცილებლად გაქარწყლდება, რადგან ადამიანი, რომელიც ნდობას მოიპოვებს ამ კრიზისულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ნიშნავს, რომ ხალხი მას ნებისმიერ პროცესში დაუდგება გვერდით და გაჰყვება სხვადასხვა პროცესში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ბონდო თედორაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა: „ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები“.