„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთებს
„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით შსს კომენტარს აკეთებს

„მწვანე სკოლის“ ტერიტორიაზე წარწერების ფაქტზე არასრულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს.

შსს-ს ინფორმაციით, 10 დეკემბერს 112-ზე განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. თბილისში, „მწვანე სკოლის“ შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე.

მათივე ინფორმაციით, შეტყობინება 112- ში სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა გააკეთა.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. სკოლის უსაფრთხოების მენეჯერი, ამავე სკოლის მოსწავლე.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივით, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზრდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება. მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა.

მოზარდის დედას პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს. მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 11 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო. გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული  შეტყობინება გენერალურმა ინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე რჩება.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.