„მწვანე სკოლასთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, იურისტ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
ამასთან, აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე „მწვანე სკოლაში“ სასწავლო პროცესის შეწყვეტას მოითხოვენ.
„ფაქტია და ცალსახაა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს, რომ ლუკას სიკვდილთან კავშირშია ადმინისტრაცია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაიწყოს გამოძიება. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი გულგრილად ეკიდება თავის უფლება-მოვალეობებს, რაც გამოიხატება როგორც განათლების, ისე სხვადასხვა სფეროში. ასეთი მდგომარეობა დაგვხვდა კონკრეტულად „მწვანე სკოლაში“. ჩვენ მოვითხოვთ, სკოლისგან მოხდეს კონკრეტული ახსნა განმარტება“, – განაცხადა ალექსანდრე კობახიძემ.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზემოქმედება განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.