მთავრობის ფორმირების საკითხზე მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება
მთავრობის ფორმირების საკითხზე მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. დეპუტატები პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მამუკა ბახტაძესა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის საუბარი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამინისტროების გაერთიანების საკითხს შეეხება.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მცირე მთავრობის კონცეფციის შესახებ, რაზეც მამუკა ბახტაძემ გუშინ ისაუბრა, საზოგადოება უახლოეს პერიოდში შეიტყობს.

„მცირე მთავრობის კონცეფცია არსებობს და რას გულისხმობს ეს კონცეფცია, ამას საზოგადოება ძალიან მალე შეიტყობს. ბევრია განსახილველი და გადასაჭრელი საკითხი და ბუნებრივია, რომ დღეს არის შეხვედრა“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან შეხვედრაზე საუბარი მთავრობის ფორმირებაზე იქნება.

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვალდებულია, არსებული მთავრობის სრული შემადგენლობა წარმოადგინოს. შემდეგ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, თუ რომელი სამინისტროს შერწყმა იგეგმება და მხოლოდ ამის შემდეგ, ამას შეიძლება მოჰყვეს საკადრო ცვლილება. ასე რომ, დღეს არ იქნება სტრუქტურულ ცვლილებაზე საუბარი, დღეს იქნება არსებული მთავრობის შემადგენლობაში ყველა კანდიდატის წარმოდგენაზე, ხოლო შემდეგი ეტაპის საქმე იქნება, თუ რომელი სამინისტრო რომელს შეუერთდება და აქედან გამომდინარე, რომელი მინისტრი მოჰყვება სეკვესტრში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა“.