მამუკა ბახტაძე - გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მთავრობა
მამუკა ბახტაძე - გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მთავრობა

ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში, ახალგაზრდა სტარტაპერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები. ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მცირე ზომის მთავრობა გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც.

„ჩვენი კონცეფციაა, მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის ის, რაც შემიძლია ამ ეტაპზე დაგიდასტუროთ. ბუნებრივია, მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ამოსავალი წერტილია, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ოპერატიული და მოქნილი მცირე მთავრობა. პრინციპი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, დაველოდოთ კონსულტაციებს და აუცილებლად მიიღებთ პასუხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა.  მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის პარლამენტში საკუთარი ხედვით წარდგება და დაასახელა ოთხი ძირითადი პრინციპი, რასაც მისი ხედვა ეფუძნება.  ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი განათლებას, ინოვაციას და ახალგაზრდობას ეხება. მისი თქმით, განათლების სექტორის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება.