შვედეთის კურორტ ორეში სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა. ქალების შემდეგ, სუპერგიგანტში მამაკაცებმა იასპარეზეს.
ჩემპიონი 29 წლის იტალიელი დომინიკ პარისი გახდა. მან დისტანცია წუთსა და 24.2 წამში დაფარა. მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი გაიყვეს ფრანგმა ჟოან კლარემ და ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაირმა. მათ გამარჯვებულთან ცხრა მეასედი წამი წააგეს.
პარისისთვის ეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალია. 2013 წელს, მან სწრაფდაშვებაში მოიპოვა ბრინჯაო. ამ სეზონში იტალიელი მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა.
ლეგენდარული ნორვეგიელი მოთხილამურე, სუპერგიგანტში 2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი აქსელ-ლუნდ სვინდალი, რომელიც ამ ჩემპიონატის შემდეგ კარიერას ასრულებს, საუკეთესო ათეულშიც ვერ მოხვდა.