„მსოფლიო რაგბიმ“ (World Rugby) სამწლიანი ბინადრობის წესის ცვლილება კიდევ 12 თვით გადაავადა. ამის მიზეზად რაგბის მმართველი ორგანიზაცია იმ „დაუძლეველ გარემოებებს“ ასახელებს, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია.
2017 წლის მაისში „მსოფლიო რაგბიმ“ გადაწყვიტა ბინადრობის წესის სამიდან ხუთ წლამდე გახანგრძლივება. ამ ნაბიჯს გულშემატკივრებსა და სარაგბო ქვეყნებში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
სამწლიანი ბინადრობის წესი მორაგბეს უფლებას აძლევს სხვა ქვეყნის ნაკრებში დაბადების ადგილისა და წინაპრების ეროვნების მიუხედავად ითამაშოს. წესის ხუთ წლამდე გაზრდამ 2020 წლის 31 დეკემბრიდან 12 თვით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია.
„მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა ივლისის თვეში მერვე რეგულაციაში შეტანილ ცვლილებაში შესწორება დაადასტურა, რომლის მიზეზიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზიანია. ბინადრობის კრიტერიუმი 36 თვიდან 60 თვემდე 2020 წლის 31 დეკემბერს უნდა გაზრდილიყო, თუმცა განსაკუთრებული გარემოებების გამო, გადავწყვიტეთ თარიღი 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადავწიოთ. ვინც ამ დრომდე არ ითამაშებს შესაბამის ნაკრებში, მათზე 60 თვიანი წესი გავრცელდება,“ – განაცხადა „მსოფლიო რაგბის“ წარმომადგენელმა „დეილი მეილთან“ (Daily Mail) საუბრისას.
რაგბის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 36 თვიანი ბინადრობის წესი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თამაშის სანდოობას, რადგან მოთამაშეთა ექსპლუატაციისა და დაუცველ მდგომარეობაში ჩაგდების რისკს აღრმავებს. წამყვან სარაგბო ქვეყნებს ხშირად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მეორე რანგის ქვეყნებს საუკეთესო წარმომადგენლებს ართმევენ, შემდეგ კი სანაკრებო დონეზე შანსს იშვიათად აძლევენ.