მსოფლიო ჩემპიონატი პარაწოლჭიმში - ლაშა ალელიშვილი ხუთეულში ვერ მოხვდა #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარაწოლჭიმში დღეს ლაშა ალელიშვილმა იასპარეზა.
65 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძალოსანი პირველ მისვლაზე 110 კგ-ს ვერ მოერია, მეორე ცდაზე კი 120კგ-ის დაფიქსირება შეძლო და ეს წონა გამოდგა მისთვის ტურნირზე საბოლოო შედეგი. ალელიშვილმა ტურნირზე ხუთეულში შესვლა ვერ შეძლო.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ექვსი პარასპორტსმენით არის წარმოდგენილი.
ხვალ, 2 დეკემბერს ქართველი ძალოსანი შოთა ომარაშვილი გამოვა. ის 72-კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა თბილისში 27 ნოემბერს დაიწყო და ექვს დეკემბერს დასრულდება. ტურნირი 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო შეჯიბრებაა, სადაც მონაწილეობას 75 ქვეყნის 800-მდე პარასპორტსმენი იღებს.
თბილისური ტურნირის მედიამხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.