მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი 2018“-ის წარდგენის ოფიციალური ცერემონია ხვალ გაიმართება
მსოფლიო 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის „ბათუმი 2018“-ის წარდგენის ოფიციალური ცერემონია ხვალ გაიმართება.
„ბათუმი 2018“-ის პრეზენტაციის საპატიო სტუმარი ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩი, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი და სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ რადიო პირველი არხის სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტას“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საგანგებოდ პრეზენტაციისთვის თბილისს ფიდე-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გეორგიოს მაკროპულოსი ეწვია.
ამასთან, პრეზენტაციაზე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ქართველი ელჩები დასახელდებიან.
43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაიმართება.
უდიდეს სპორტულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოს 189 ქვეყნის 4 ათასამდე სტუმარი ეწვევა.
ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა, სადაც 93 ხმა მიიღო, კონკურენტმა დურბანმა (სამხრეთ აფრიკა) კი – 58.