სომეხი დიდოსტატი ლევონ არონიანი აშშ-ის სახელით ითამაშებს
სომეხი დიდოსტატი ლევონ არონიანი აშშ-ის სახელით ითამაშებს

სომეხმა მოჭადრაკემ ლევონ არონიანმა მიიღო გადაწყვეტილება – ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ითამაშოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

არონიანმა ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ჭადრაკის მიმართ სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის გულგრილი დამოკიდებულება. „გასული წელი ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის: ეპიდემია, ომი, პირადი პრობლემები და სახელმწიფოს მხრიდან აბსოლუტური გულგრილობა სომხური ჭადრაკის მიმართ, – დაწერა არონიანმა. – ჩემს წინაშე იყო არჩევანი: მიმეტოვებინა ჩემი ცხოვრების საქმე ან წავსულიყავი იქ, სადაც მეტად მაფასებენ. ერთი წელი დავიცადე და მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო – დამეტოვებინა მშობლური ქვეყანა“.

არონიანის თქმით, 2018 წლის რევოლუციის შემდეგ, ახალი მთავრობა დაპირდა ჭადრაკის განვითარების პოლიტიკის გაგრძელებას, მაგრამ ეს დაპირება შემოიფარგლა მხოლოდ ნაწილობრივი დახმარებით. „ვერ შევძელი ამეხსნა ახალი მთავრობისთვის, რომ ჭადრაკი – ეს ჩვენი ქვეყნის დიდი მემკვიდრეობაა, რომ ჩვენი წარმატებები ამ მიმართულებით – ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა სომხეთისთვის“, – თქვა დიდოსტატმა.

არონიანმა დაამატა, რომ ამერიკელმა მეცენატმა და ჭადრაკის მოყვარულმა რექს სინკფელდმა არა ერთხელ შესთავაზა აშშ-ში გადასვლა, მაგრამ მოჭადრაკე უარს ამბობდა გადასვლაზე. ასევე არონიანს ეხმარებოდა ამერიკელი დიდოსტატი ფაბიანო კარუანა.

ლევონ არონიანი 38 წლისაა. ის მეექვსე ნომერია ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში. სამჯერ აქვს მოგებული საჭადრაკო ოლიმპიადა სომხეთის ნაკრების რიგებში (2006, 2008, 2012) და ერთხელ – მსოფლიოს გუნდური პირველობა (2011). 2005 წელს, არონიანი სომხეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.