მოზამბიკის პრეზიდენტი - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, ათასს გადააჭარბოს
მოზამბიკში შტორმისა და წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა, ათასს გადააჭარბოს, – ამის შესახებ მოზამბიკის პრეზიდენტმა, ფილიპე ნიუსიმ განაცხადა.
მისი თქმით, ციკლონის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, გაუჩინარებულია მთლიანი სოფლები. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული რაიონების ვერტმფრენით შემოვლისას მან წყალში ცხედრები დაინახა.
ოფიციალური მონაცემებით, ციკლონ „იდაის“ შედეგად, მოზამბიკში 84 ადამიანია გარდაცვლილი.
„წითელი ჯვრის“ მონაცემებით, ციკლონმა მოზამბიკის საპორტო ქალაქი ბეირა თითქმის მთლიანად გაანადგურა. ქალაქი, რომელშიც ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანებულია ბეირამდე მისასვლელი ავტომაგისტრალები.
ციკლონი „იდაი“ ბეირას პორტს გასულ კვირას დაატყდა თავს, შემდეგ კი ზიმბაბვესა და მალავისკენ გადაინაცვლა. მოზამბიკსა და მალავიში სტიქიას სულ მცირე 126 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათობით ადამიანი.