მოსკოვის „სპარტაკის“ მწვრთნელი გააკრიტიკეს - ჯანო ანანიძის გარეშე გუნდს კრეატიულობა დააკლდა
მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი ოლეგ კონონოვი ჯანო ანანიძის გაშვებისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. ეს რუსეთის ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურით ადრე მოხდა, გუნდი ცსკა-სთან 0:2 დამარცხდა და ოქროს მედლის მოპოვების მხოლოდ თეორიული შანსი შერჩა.
ოლეგ კონონოვს რუსული გამოცემა „მატჩ-ტვ“ აკრიტიკებს. გამოცემის აზრით, მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ისე გაუშვა, რომ მისი შემცვლელი არ მოძებნა.
„რაში უშლიდა „სპარტაკს“ ხელს ჯანოს ყოფნა? ამის შესახებ ყველაფერი ითქვა, ქართველს მართლაც ძალიან ბევრი შანსი მიეცა, მაგრამ მას აზროვნება არ დაეწუნება. ახლა კი „სპარტაკს“ სწორედ ასეთი შემტევი ნახევარმცველი არ ჰყოფნის. ვინაა გუნდის მთავარი პროცესორი? ეს რატომღაც, გაურკვეველია. პასებს ბევრი აკეთებს, მაგრამ ცსკა-სთან საგოლე არც ერთი ყოფილა. არ იყო ადამიანი, რომელთანაც თავდამსხმელი ათამაშდებოდა. ასეთ ვითარებაში ზედმეტი იქნებოდა ანანიძე ან მსგავსი კრეატიული ფეხბურთელი? რა თქმა უნდა, არა” – წერს „მატჩ-ტვ“.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის „კრილია სოვეტოვში“ სეზონის ბოლომდე იჯარით გაშვებაზე თავად კონონოვმაც ისაუბრა და თქვა, რომ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად არ ნანობს.