მონტენეგროს პარლამენტთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
მონტენეგროს პარლამენტთან ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის ბარიერის გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს ქვები ესროლეს. თავის მხრივ, პოლიციელებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც „როიტერი“ წერს, მონტენეგროში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც საკონსტიტუციო სასამართლო კვორუმის გარეშე დარჩა. გასულ თვეში ოპოზიციურმა პარტიებმა ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს და პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს. პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების შესახებ კანონს არაკონსტიტუციური უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მონტენეგროს საკონსტიტუციო სასამართლო ამჟამად არ ფუნქციონირებს, რადგან დეპუტატები მის შემადგენლობაზე ვერ თანხმდებიან, რაც ქვეყანაში კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.