მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით უკრაინას ეწვია
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით უკრაინას ეწვია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პირველი საზღვარგარეთული ვიზიტით უკრაინას ეწვია, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა.

როგორც კიევში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაია სანდუმ განაცხადა, მისი ვიზიტის მიზანია მოლდოვასა და უკრაინას შორის უმაღლესი დონის მეგობრობის აღდგენა.

„ბოლო წლებში ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგი სახელმწიფოების მეთაურების დონეზე ფაქტობრივად, შეჩერებული იყო. ვადასტურებ, რომ უკრაინა მოლდოვის რესპუბლიკისთვის სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის მუდმივი პრაგმატული თანამშრომლობის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე სანდუ და ზელენსკი შეთახმდნენ, რომ შექმნიან უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტთა საბჭოს, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივ ფორმატს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მოლდოვასთან უნდა დააკავშიროს თანამედროვე მაგისტრალმა, რომელიც ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მგზავრობას ხუთ საათამდე შეამცირებს.

მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტების მიერ მიღებული ერთობლივი განცხადების თანახმად, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისკენ და გამოხატავენ „სამი ზღვის ინიციატივაში“ მონაწილეობის სურვილს.

„ასევე, ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და ერთობლივი კოორდინაცია წევრი პარტნიორების ევროპული ამბიციების დიფერენცირებისა და გათვალისწინების პრინციპზე დაფუძნებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის სტრატეგიული დანიშნულების გაძლიერებისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021 წლის სამიტის მზადების კონტექსტში. აუცილებლად მიგვაჩნია ევროკავშირისა და სამი ასოცირებული პარტნიორის თანამშრომლობის ფორმატის განვითარება და მოვუწოდებთ ევროკავშირს, გააღრმავოს ღრმა და თავისუფალ ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე დიალოგი“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.