მიუნხენის „ბაიერნი“ 120 წლის ხდება
მიუნხენის „ბაიერნი“ 120 წლის ხდება

დაარსებიდან 120 წლისთავის აღსანიშნავად მიუნხენის „ბაიერნმა“ საიუბილეო სათამაშო ფორმა წარადგინა. მაისურის ძირითადი ნაწილი თეთრი  ფერისაა, სახელოები და საყელო კი მუქი წითელი აქვს. შორტები ასევე მუქი წითელია, გეტრები კი შავი.

ამ ფორმით გუნდი ერთ მატჩს ჩაატარებს – ბუნდესლიგის საშინაო შეხვედრას „აუგსბურგის“ წინააღმდეგ, 8 მარტს.

მიუნხენის „ბაიერნი“ 1900 წლის 27 თებერვალს დაარსდა და ისტორიის განმავლობაში 29-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 19-ჯერ მოიგო ქვეყნის თასი და შვიდჯერ – ქვეყნის სუპერთასი. გარდა ამისა, მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ხუთგზის გამარჯვებულები არიან. ასევე აქვთ აღებული უეფას თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის თასი.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, 23 ტურის შემდეგ, ბაიერნი 49 ქულით პირველ ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგაზე კი, მერვედფინალში, სტუმრად დაამარცხა ჩელსი (0:3) და მეოთხედფინალში ადგილი თითქმის გარანტირებული აქვს.