გოგლიჩიძე ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო - „ემპოლი“ „ლაციოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო, რომელიც რომში, სერია A-ს მატჩში, „ლაციოს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
ქართველი მცველის გუნდს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი გოლი ჰქონდა გაშვებული, მაგრამ იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში კარის „მშრალად“ შენახვა ვერ მოახერხა. ამჯერად საუკეთესო თამაში არც გოგლიჩიძეს ჩაუტარებია – ქართველ მცველს „ფლეშსკორმა“ ყველაზე დაბალი შეფასება – 5.9 დაუწერა.
თუმცა, თამაში სტუმრებმა კარგად დაიწყეს და ესპოზიტოს მიერ მე-9 წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ. რომაელებმა წონასწორობის 45+4-ე წუთზე ძაკანის ზუსტი დარტყმით აღადგინეს.
51-ე წუთზე კასტელანოსმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ 84-ე წუთზე მისი გადაცემით პედრომ გაიტანა და „ლაციოს“ გამარჯვება მოუტანა.
შვიდი ტურის შემდეგ „ემპოლის“ 10 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზე დაქვეითდა.