მინაშვილი ვან ლუნის ნაცვლად - „ლოკომოტივში“ ახალი მწვრთნელი დანიშნეს #1TVSPORT
ჯონ ვან ლუნის ნაცვლად, რომელმაც თბილისის „ლოკომოტივი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი მინაშვილი დაინიშნა – ინფორმაციას „ლოკომოტივის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„გიორგი მინაშვილი „ლოკომოტივის“ ახალი მთავარი მწვრთნელია. გიორგი წლების განმავლობაში „ლოკომოტივის“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი გახლდათ და პარალელურად აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მუშაობდა. წარმატებები, გიორგი!“, – წერია„ლოკომოტივის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მინაშვილი მეოთხეა, რომელიც წელს თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. სეზონი ლაშა ჭაღიაშვილამ დაიწყო და ლექსო ინწკირველმა გააგრძელა, შემდეგ კი ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნი მიიწვიეს.
მინაშვილი 41 წლის სპეციალისტია. თამაშობდა მექსიკაში და მწვრთნელობაც იქ დაიწყო. სამწვრთნელო კურსები ინგლისში დაამთვრა, იყო „დინამო თბილისის“ და „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიების მთავარი მწვრთნელი. სამი წელი ჩინეთში იმუშავა და „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.
„ლოკომოტივი“ ეროვნულ ლიგაში გამართული 27 ტურის შემდეგ (6 ქულით) ბოლო ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატია.