მილანის „ინტერი“ ამერიკული საინვესტიციო კომპანიის მმართველობაში გადავიდა #1TVSPORT
ამერიკული საინვესტიციო კომპანია Oaktree Capital Management 22 მაისიდან იტალიის ჩემპიონის, „ინტერის“ მფლობელი გახდა, – დაწერა სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.
ეს ცვლილება მოხდა იმის გამო, რომ მილანურმა კლუბმა ვერ გადაიხადა 395 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი, რომელიც Oaktree-სგან 2021 წლის მაისში მიიღო.
„როგორც ახალი მფლობელი, ჩვენ ვაცნობიერებთ უდიდეს პასუხისმგებლობას „ინტერის“ საზოგადოებისა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ. ჩვენ ვესწრაფით კლუბის გრძელვადიან წარმატებას და გვჯერა, რომ ჩვენი ამბიციები „ინტერის“ მიმართ დაემთხვევა მისი გულშემატკივრების ამბიციებს.
ჩვენი პირველადი ამოცანაა კლუბის ოპერაციული და ფინანსური მდგრადობა. დიდ პატივისცემას გამოვხატავთ „ინტერის“ ხელმძღვანელობის მიმართ და ვიმედოვნებთ მასთან მჭიდრო თანამშრომლობას კლუბის ძლიერი მართვის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ მინდორზე მიღწეული შედეგები“, – განაცხადა Oaktree-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეხანდრო კანომ.