მიხეილ ყაველაშვილი - ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს სახელით ასპარეზობს, კაპიტანია და აუცილებლად უნდა დარჩეს გუნდში
საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდება.
ყაველაშვილის განცხადებით, დათუნაშვილი საქართველოს სახელით ასპარეზობს და პროფესიული საქმიანობის გასაგრძელებლად გუნდში აუცილებლად უნდა დარჩეს.
ამასთან, როგორც პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სპორტსმენთან შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია ექნება, განიცდის თუ არა მოჭიდავე ზეწოლას.
„ჩვენ უკვე დაინტერესებული ვართ და ვგეგმავ დათუნაშვილთან შეხვედრას, ასევე ამ პროცესს განვიხილავთ სამართლებრივ ჩარჩოებში. არა მარტო ჭიდაობის ფედერაციაში, სხვა ფედერაციებშიც არის ხარვეზები და დაპირისპირებები, ეს უნდა აღმოვფხვრათ. აქ მთავარია სპორტსმენი, რომელიც საქართველოს სახელით გამოდის. კაპიტანია და აუცილებლად უნდა დარჩეს გუნდში, გააგრძელოს პროფესიული საქმიანობა და უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება. დათუნაშვილთან შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია მექნება, განიცდის თუ არა რამე ზეწოლას. მხოლოდ იმ კონფლიქტით არ ვიქნები შემოსაზღვრული. თუ იქნება შესაძლებლობა ეს მშვიდობიანად უნდა აღმოიფხვრას, თუ არა და მივყვებით სამართლებრივ ჩარჩოს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა დანაშაულს უნდა გაეცეს პასუხი და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაული, შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და თანამდებობასაც ინარჩუნებს.