მიხეილ სარჯველაძე - კანონის ფორმალური მოთხოვნა თუ დარღვეული არ არის, ქვეყანაში შემოსვლა არ იკრძალება
მიხეილ სარჯველაძე - კანონის ფორმალური მოთხოვნა თუ დარღვეული არ არის, ქვეყანაში შემოსვლა არ იკრძალება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონის ფორმალური მოთხოვნა თუ არ ირღვევა, პირის ქვეყანაში შემოსვლა არ იკრძალება.

მიხეილ სარჯველაძე რუსი ჟურალისტის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო საყურებელი. თუ ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელია, პირადი შეხედულებები და მოსაზრებები იყოს საქართველოში შემოსვლის დამაბრკოლებელი გარემოება, ეს სხვა თემაა, მაგრამ ამჟამად, დღეს კანონში არაა აკრძალვა ქვეყანაში შემოშვებასთნ დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ კანონის ფორმალური მოთხოვნა დარღვეული არ არის“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, რუსეთის ხელისუფლების რომელიმე თანამდებობის პირის ქმედებებს ვერავინ აკონტროლებს.

„ვერც ღარიბაშვილი და ვერც ვერავინ, სამწუხაროდ ან საბედნიეროდ ვერ აკონტროლებს იმ ქმედებებს, რასაც რუსეთის ხელისუფლების რომელიმე თანამდებობის პირი ახორციელებს. არ შეიძლება, მისი პოზიცია პრემიერ-მინისტრის ქმედებების ავკარგიანობის შეფასების მოზეზი და საფუძველი გახდეს. ეს, რა თქმა უნდა, სწორი არ იქნებოდა. რაც შეეხება განცხადებებს, რომლებიც პრემიერის მხრიდან გაკეთდა, არგუმენტირებული პოზიცია იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, მას ვეთანხმები. სხვა როგორ პოზიციას დაიკავებს ამასთან დაკავშირებით, მათი პრობლემა უფრო მეტად არის და ხშირ შემთხვევაში, მოტივირებულია რუსეთის არა ერთი თანამდებობის პირის მხრიდან საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანის ძალიან დიდი წყურვილით. შეიძლება, ესც იგივე ოპერიდან იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ვლადიმერ პოზნერი​ და ​​მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმა.