მიხეილ სარჯველაძე - ასლან ვაშაყმაძის ქცევა არის კატეგორიულად მიუღებელი და დასაგმობი
მიხეილ სარჯველაძე - ასლან ვაშაყმაძის ქცევა არის კატეგორიულად მიუღებელი და დასაგმობი

კატეგორიულად დაუშვებელი, მიუღებელი და დასაგმობი საქციელია, რომელიც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ყოველგვარი საზღვრებიდან ამოვარდნილი. ნებისმიერი შემფასებლის თვალით, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სოციალურ ქსელში ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძემ მიერ გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ასლან ვაშაყმაძე კონკრეტულ პარტიას წარმოადგენს და საკუთარ მიდგომას გარკვეული ადამიანების წრეში ავრცელებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს არის უბედურება, რომელიც შეიძლება სახეზე გვქონდეს. ამას ყველა შემთხვევაში უმკაცრესი რეაგირება ესაჭიროება, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მხრიდან. ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური საქმიანობის მსგავსი მიდგომა და ფორმა დაგმობილი, უკუგდებული და აღკვეთილი უნდა იყოს. ამას ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება მოითხოვს. ეს განცხადება პოლიციის მიმართ გაკეთდა, რომელიც ასევე აბსოლუტურად მიუღებელი გახლავთ. გმირი პოლიციელები, რომელზეც ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება დგას. თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოება დამოკიდებულია ამ ადამიანების მუხლჩაუხრელ შრომაზე და თავგანწირვაზე. ასეთი დამოკიდებულება, როდესაც ჩვენი პოლიციის ღვაწლს საერთოდ აინუნში არ აგდებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ან თუნდაც უბრალოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ასე იმეტებს, ეს კატასტროფული დამოკიდებულება, რომელიც საფუძველშივე ამოძირკვული უნდა იყოს. ეს აჩვენებს ხშირ შემთხვევაში ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულებას, როდესაც დამოკიდებულება არის არასამართლებრივი, სრულიად უკანონო და არასწორი მეთოდებით გათვლილი, მხოლოდ აჟიოტაჟზე და დესტრუქციაზე გათვლილი, რასაც სამწუხაროდ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ხშირ შემთხვევაში ვაწყდებით. რაც ყველა პოლიტიკური აქტორის მხრიდან იმთავითვე დაგმობილი უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, განცხადებები, რომელიც საზოგადოებამ მოისმინა, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„იოტისოდენა ინტელექტისა და ნამუსის მქონე ნებისმიერი ადამიანი მსგავს მიდგომას კატეგორიულად უნდა გაემიჯნოს. ეს აბსოლუტურად მკაფიო წითელი ხაზია. თუ ასეთ მიდგომას ვინმე დაგმობს და გაემიჯნება, ეს სწორი დამოკიდებულებაა. თუმცა ერთია თქმა, მეორეა ოპოზიციის მხრიდან რეალურად გამიჯვნა ასეთი დამოკიდებულებისგან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ოპოზიციის ერთ-ერთი მხარდამჭერმა, ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს. ვიდეო შეიცავს მუქარას პოლიციელების მისამართით. მოგვიანებით, ვაშაყმაძემ ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა. ამასთან, ასლან ვაშაყმაძემ განმარტება გააკეთა.