მიხეილ სარჯველაძე - 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე სამართლებრივად უნდა გახდეს განსაკუთრებული კვლევისა და შეფასების საგანი 
მიხეილ სარჯველაძე - 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე სამართლებრივად უნდა გახდეს განსაკუთრებული კვლევისა და შეფასების საგანი 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმე სამართლებრივად უნდა გახდეს განსაკუთრებული ყურადღების, კვლევისა და შეფასების საგანი.

როგორც ჟურნალისტებს სარჯველაძემ განუცხადა, არ შეიძლება ამ უზარმაზარი ადამიანური ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციებისა და მიზნებისთვის.

„გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს ვუცხადებ. ეს არის უმძიმესი ტრაგედია, ენით აღუწერელი, სიტყვები არ კმარა მდგომარეობის აღსაწერად. ძალიან მნიშვნელოვანია შეფასებები, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით გაკეთდება. თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, ყველაფერი გაკეთდეს სწორი და ადეკვატური სამართლებრივი ანალიზისთვის. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ გაცილებით მაღალ სტანდარტს აწესებს და ამის დაცვას ითხოვს სახელმწიფოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. თუ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა არსებობდა, სწორი სამართლებრივი პროცედურის შედეგად უნდა დადგინდეს და აუცილებელია სამართლებრივი პროცესი ზედმიწევნით და სწორად წარიმართოს, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს. რაც შეეხება პრემიერის მოწოდებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება იმან გამოიწვია, რომ მთავრობისთვის არასრულწლოვანთა უფლებები პრიორიტეტია. ვმუშაობდით და ვიმუშავებთ, რომ გაუმჯობესების ნებისმიერი შესაძლებლობა იქნას იდენტიფიცირებული და გამოყენებული, რომ სისტემა ეფექტიანი და განვითარებადი იყოს. ინტენსიურად ვიმუშავებთ და ამ ვალდებულების შესრულებას უზრუნველვყოფთ. აუცილებელია კარგი კანონი და კანონის კარგად რეალიზება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზემოქმედება განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

დატოვე კომენტარი