მიხეილ სააკაშვილი - აუცილებლად ვიპოვი გზას უკრაინაში დასაბრუნებლად
მიხეილ სააკაშვილი - აუცილებლად ვიპოვი გზას უკრაინაში დასაბრუნებლად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს და ამისათვის ყველა ღონეს იხმარს.
„რა თქმა უნდა უკრაინაში დავბრუნდები, აუცილებლად ვიპოვი გზას უკან დასაბრუნებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხ ZIK-ის ეთერში.

მისივე თქმით, ამჯერად უკრაინაში ლეგალური გზით აპირებს შესვლას.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში დაცვის ქვეშ იმყოფება და რომ პოლონურმა მხარემ უსაფრთხოების ყველა ზომა შეუქმნა.

ამ ფონზე ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში დაკავებისას და ასევე, პოლონეთში გამგზავრების დროსაც, უკრაინელი ძალოვანები მის მიმართ უხეშობდნენ.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევეს.

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან, 12 თებერვალს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI  დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.