მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გარკვეული პირების ჩვენებებში არსებითი ცდომილებებია
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა თბილისის პროკურატურის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ის საქმის მასალებს გაეცნო.
რამიშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალებში საინტერესო დეტალები იკვეთება. ადვოკატი ჩვენებებში გარკვეულ ცდომილებებზე საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს, რომელი მოწმის ჩვენებაში ან რა გარემოებასთან დაკავშირებით აღმოაჩინა ისინი. რამიშვილი არ საუბრობს, თუ რა იქნება ოჯახის შემდეგი ნაბიჯი, თუმცა ამბობს, რომ პროკურატურას აუცილებლად მოუწევს მისი შეკითხვების მოსმენა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ რამიშვილმა კომენტარი გააკეთა ოჯახის მიერ ნახსენებ ავტომობილებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს მიყვებოდა, „კავშირშია უშიშროების სამსახურთან“.
„მე რაც მაინტერესებდა ორი დღის წინ, ის გავაკეთე ზუსტად და იმაზე მივიღე საჩემო პასუხი. არათუ ჩვენებებში, არამედ დიდი კითხვის ნიშანი დავინახე ამ გამოძიებაში. ძალიან არსებითი ცდომილებებია გარკვეული პირების ჩვენებებში, გვარებს და სახელებს არ დავასახელებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ძალიან დიდი ცდომილებები და ცვლილებებია ჩვენებებს შორის, რომლებიც სულ სხვა სურათს გვაჩვენებს. ამაზე რამდენიმე დღეში ვისაუბრებთ.
ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე და ძალიან კარგად გააზრება, რადგან აქ დგას საკითხი – უსამართლობა ან სამართლიანობა. არ შეიძლება ხელაღებით ყველაფერზე საუბარი და მარტო ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. ან მივიღებთ სამართლიანობას, ან უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება უსამართლობის წინაშე. ვიღაცის ინტერესებმა უნდა იმსხვერპლოს ჩვენი სამართლიანობა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ რამიშვილმა.
საქმის მასალების გასაცნობად მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან ერთად მივიდა. თუმცა თეონა თამაზაშვილმა თბილისი პროკურატურა რამდენიმე საათით ადრე დატოვა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისი შვილის მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.