მიხეილ რამიშვილი - საქმის მასალები ძალიან დიდია, რომელ მაღაზიებთანაც გაიარა თამარ ბაჩალიაშვილმა, ყველგან არიან დაკითხული ადამიანები
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თბილისის პროკურატურაში ცოტა ხნის წინ კიდევ იმყოფებოდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მან განაცხადა, რომ გაეცნო ჩვენებებს და ვიდეოჩანაწერებს.
„გავეცანი ჩვენებებს, ვიდეოჩანაწერებს და უკვე ნათელი ხდება, რომ ძალიან ბევრ რამეს გავიგებთ. ვნახოთ, გამოძიება როგორ იმუშავებს. ძალიან დიდი მასალაა. არის ვიდეოჩანაწერები სათვალთვალო კამერებიდან, თამუნა როგორ გადაადგილდებოდა. იქ სხვა მანქანებს კიდევ ვაკვირდებით და ძალიან ბევრ რაღაცებსაც. 24-საათიანი არის ეს ყველაფერი და ყველა დროში შეიძლება იყოს ისეთი აღმოჩენები, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ. 24-საათიანია მთელი ერთი თვის ჩანაწერები.
ასევე, ჩვენებებს გავეცანი დამატებით. ძალიან ბევრი ადამიანია დაკითხული, რომელთა დაკითხვა არის აბსურდი, რადგან არ შეიძლება, მაღაზიაში მომუშავე ადამიანის წინ ჩაიაროს 5 000-მა მანქანამ და აქედან რამდენი ადამიანი უნდა იცოდეს გამყიდველმა. ხომ არ შეიძლება, ყველა იცოდეს. თამუნამ რა მაღაზიასთანაც გაიარა, ყველა მაღაზიასთან დამლაგებელი, გამვლელი, ყველა დაკითხულია. ამის დაკითხვას ჯობს, დაკითხონ ისეთი ადამიანები, ვინც შეიძლება უფრო მეტი რამ იცოდეს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მასალების გასაცნობად თბილისის პროკურატურაში დღეს, რამდენიმე საათის წინაც იმყოფებოდა.