მიხეილ გიორგაძე - სამინისტროების ოპტიმიზაციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს
მიხეილ გიორგაძე - სამინისტროების ოპტიმიზაციაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

სამინისტროების შერწყმა ზოგადად შეუძლებელი არ არის, თუმცა კონკრეტულ სამინისტროებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ჩემი პირადი პოზიციაა, რომ პრინციპულად შეუთავსებელი და შეუძლებელი ეს არ არის, მაგრამ ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება საბოლოოდ. სამინისტროების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს და საზოგადოებას ამის შემდეგ მიეწოდება აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მინისტრთა ახალი კაბინეტის წევრების წარდგენა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და გადაწყვეტილებას ის მიიღებს.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.