პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

08:00, 20.06.2018

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხი არის საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება.

„მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით განიხილება. ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. შემდეგ გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, შემდეგ იქნება უკვე შესაბამისი გამოსვლები, როგორც არის გათვალისწინებული – კომიტეტები, ფრაქციები, უმცირესობა, უმრავლესობა და დასკვნითი სიტყვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტში გუშინ მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

მსგავსი