გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის „ალ შამალმა“ ყატარის ჩემპიონატში მორიგი მატჩი სტუმრად „ალ გარაფთან” გამართა და 85-89 გაიმარჯვა.
ორივე ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტატრო ხუთეულში იყო. უკეთესი მატჩი ამჯერად მიხეილ ბერიშვილს გამოუვიდა. ქართველმა მსროლელმა შეუცვლელად ითამაშა.
40 წუთში ბერიშვილმა 22 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 5-დან 2 ორქულიანი და 15-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. ბერიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ამერიკელ აარონ მიტჩელს ჩამორჩა, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა.
გიორგი ცინცაძემ მოედანზე 36 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში საკუთარ გუნდისთვის 11 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 5 სამქულიანი კი ააცილა.
„ალ შამალს“ თანაბარი ბალანსი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 დეკემბერს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ „ალ ვაკრასთან” ჩაატარებს.